გორში მზის ფოტოელექტრული სისტემების დანერგვა იგეგმება

გორში, პოლონეთის მთავრობისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) – ს მხარდაჭერით, მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები დაინერგება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტის (EIO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს (EECG) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს ის საზოგადოებრივი ობიექტები, სადაც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მოწყობა იგეგმება.

„ძალიან მიხარია, რომ გორი ერთ-ერთია საქართველოს იმ ხუთ ქალაქს შორის, სადაც აღნიშნული პროექტი ხორციელდება. როგორც ვიცი, პროექტი ასევე ითვალისწინებს კერძო სექტორის წახალისებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, იგეგმება დაფინანსების გზების მოძიებაც. გორის მერია გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას”, – აღნიშნა ხინჩეგაშვილმა.

მზის სისტემების დანერგვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი პროექტის „საქართველოს რეგიონებისა და თემების გადასვლა მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის” ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ხუთ ქალაქში (ჩოხატაურში, გორში, ქუთაისში, ფოთში და ზუგდიდში) მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების დანერგვა მუნიციპალურ ეკონომიკის დონეზე.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის მიერ და ხორციელდება პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტისა (EIO) და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს (EECG) თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები