ევროპის ინოვაციების აკადემიის “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” ბათუმში ტარდება. მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამაში მონაწილეობას წელს ასი, ხოლო მომავალ წელს, სამასამდე სტუდენტი მიიღებს.
ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის მთავრობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. აღინიშნა რომ მსგავსი საერთაშორისო მასშტაბის საზაფხულო სკოლები მნიშვნელოვანია როგორც აჭარის, ბათუმის პოზიციონირებისთვის და ასევე სტუდენტების განათლების ხელშეწყობისთვის.
საერთაშორისო ბანაკში სტუდენტები 11 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი. სასწავლო პროგრამას წარმართავენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით.
პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ჩატარდება.