გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: შესაბამისი უწყებები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად არიან ჩართული ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 135 რეინჯერი, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 120 თანამშრომელი ამ დრომდე იმყოფება შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია.
“ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
ხანძრის კერები არ ვრცელდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.