თორნიკე რიჟვაძე: ძველ ბათუმში არ გაიზრდება კოეფიციენტი, შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი და განხორციელდება მხოლოდ რეაბილიტაცია კანონმდებლობის ფარგლებში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ბათუმის განვითარებასთან ერთად, ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ძველ ბათუმში განხორციელდება მხოლოდ არსებული სახლების, ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ძველ ბათუმს შეუნარჩუნდება ძველი იერსახე და არ გაიზრდება კოეფიციენტი.

„გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია ძველი ბათუმის კონტექსტში ამ ცვლილებებმა, ამიტომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში.

მინდა ვთხოვო ბათუმის მუნიციპალიტეტს და მერიას, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, რომ პირველი სექტემბრიდან მოვახდინოთ ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსის გამოძებნა, რათა მაქსიმალურად მალე შევძლოთ კონკრეტული კვარტლების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის იერსახე, რომელიც არ გვხვდება. 12 მეტრიანი შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა აქამდე, რჩება ძალაში და ძველ ბათუმთან მიმართებით კოეფიციენტი არ გაიზრდება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ძველ ბათუმთან მიმართებით ეს სპეკულაციები დასრულდება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები