ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი

ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მემორიალთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სასულიერმა პირებმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს.

,რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ჩვენთვის ციფრებს მნიშვნელობა არა აქვს. ყოველთვის გვემახსოვრება ის დანაშაულებები, რომელიც 2008 წელს ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნა ჩადენილი. დღესაც ოკუპაცია გრძელდება და უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და შეწყვიტოს ბორდერიზაცია“ – ზვიად შალამბერიძე.

„ 14 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. უმძიმესი დღეები იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომს ჰყავს თავის გმირები – ჩვენი სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა ხსოვნას დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ცხადყო, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, გაძლიერებისა და განვითარების უალტერნატივო გზა მშვიდობაა.
ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ და მშვიდობიან საქართველოში!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერიამ ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1500 ლარი ჩაურიცხა.
რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაგებად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები