ზაზა შავაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, მომავალ აგრონომებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტაჟიორებს შეხვდა, სადაც სტაჟიორებმა შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინეს. ზაზა შავაძემ სტაჟიორებს დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ყურადღება დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, მომავალ აგრონომებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. სწორედ თქვენ მომავალმა პროფესიონალებმა კიდევ უფრო უნდა განავითაროთ სოფლის მეურნეობა. მე ყოველთვის მზად ვარ თქვენთან შესახვედრად. პირადად შეგიწყობთ ხელს, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ და უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ დამსაქმებლებთან. მთავარია თქვენი მოტივაცია”, – განაცხადა ზაზა შავაძემ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის” ფარგლებში, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის 9 თვის ვადით 20 სტუდენტ – კურსდამთავრებული, რომელიც დასაქმებულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში.
შეხვედრას ასევე, მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა, არჩილ ბერიძე და აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.