საგარეჯოს მერმა დამსახურებულ ექიმს რამაზ აბელაშვილს 85 წლის იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა
ექიმ მეცნიერს, რამაზ აბელაშვილს 1 აგვისტოს 85 წელი შეუსრულდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, გომბორის საუბნო საავადმყოფოს ყოფილ მთავარ ექიმს, მეცნიერ რამაზ აბელაშვილს სოფელ გომბორში აგარაკზე ესტუმრა და 85 წლის იუბილე მიულოცა, სამედიცინო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
ცნობილმა ნევროლოგმა თავისი მოღვაწეობის შორეული პერიოდი გაიხსენა და გომბორში გატარებულ წლებზე ისაუბრა. მაშინ, როდესაც პაციენტების გადასარჩენად, მცირე ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება ექიმ ნევროლოგს თავად უწევდა, რათა პაციენტების სიცოცხლე გადაერჩინა. ბატონ რამაზს სოფელ გომბორში ყველა იცნობს და დღემდე დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ, როგორც ღირსეულ პიროვნებასა და მაღალი პროფესიული უნარებით დაჯილდოებულ ადამიანს. მადლიერ პაციენტთა ნაკადი არც ახლა წყდება და საქმე, რომელსაც ბატონი რამაზი ასე სიყვარულით ემსახურება წლებს არ ითვლის… დაბადების ადგილი: გარდაბნის რაიონი, სოფელი სართიჭალა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1968წწ. იყო საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1968–1970წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1970 წლიდან მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკურ საავადმყოფოში ნერვულ სნეულებათა განყოფილების გამგედ. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც დაბეჭდილია რესპუბლიკურ, ყოფილ საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის გამოცემებში. მისი გამოგონება: “თავის ტვინის შერყევის დიაგნოსტიკის მეთოდი მწვავე დახურულ ქალა–ტვინის ტრავმის დროს”, იძლევა საშუალებას ქალა–ტვინის ტრავმების საეჭვო შემთხვევებში ძილ–ღვიძილის ელექტრონისტაგმოგრაფიის საშუალებით დავადგინოთ თავის ტვინის შერყევის არსებობა ან არარსებობა. არის ნევროლოგი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ვესტიბულური დისფუნქციის დიაგნოსტიკური მნიშვნელობის შესახებ მსუბუქი დახურული ქალა–ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდში”, დაიცვა 1985 წელს.