მოვინახულეთ ჭიათურაში მიმდინარე ძალიან საინტერესო პროექტები, მათგან ნაწილი უკვე დასრულებულია. გამორჩეული იერსახე შესძინა და განაახლა ჭიათურის ცენტრალური არეალი პრემიერის მიერ ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელებულმა სამუშაოებმა. მოწესრიგდა, როგორც შენობები, ასევე რეკრეაციული ზონა. მოეწყო საბავშვო სივრცეები, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა აქტივობა. ეს არის იმ გეგმაზომიერი განვითარების შედეგი, რომელიც ჭიათურაში მიმდინარეობს და რომელიც აქტიურად გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ ჭიათურაში მიმდინარე ურბანული განახლების სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ ჭიათურაში რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან შენობებს, მიმდინარეობს კინოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ქორწინების სახლის ფასადს. მიმდინარეობს წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერის, კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიტბორდის სავარჯიშო მოედნისა და სკვერის მოწყობა.
პროგრამა 2021 წელს დაიწყო და მისი პირველი ეტაპის სამუშაოები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში უკვე დასრულების ეტაპზეა. გარკვეულ მუნიციპალიტეტებში დაწყებულია პროგრამის მეორე ეტაპით დაფინანსებული პროექტების სამუშაოებიც.