ნინო ლაცაბიძე: “ნაციონალური მოძრაობის” და “საქართველოსთვის” ტანდემი, რუსთავში ქალაქისთვის და რუსთაველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებს

“რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის ძალისხმევით, რუსთავს 60 მილიონი ლარის ინვესტიციის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და პარტია ,,საქართველოსთვის” ტანდემი, რუსთავში, ქალაქისთვის და რუსთაველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებს”, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებიც ესწრებოდნენ.
რუსთავის მერის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, რომელიც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და პარტია ,,საქართველოსთვის” ტანდემით არის წარმოდგენილი, ქალაქისთვის და რუსთაველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებს.
,,იმ დროს, როდესაც ოპოზიცია გამუდმებით აპელირებს ახალი სამუშაო ადგილების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თემებზე, სწორედ იგივე ოპოზიცია ჩვენს ქალაქში 60 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პროცესს აჩერებს. საკითხები, რომელიც რუსთავში ახალი ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობას ერთ თვეზე მეტია გაჩერებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა საკითხებმა გაიარა დარგობრივი კომისიები, მათი უმრავლესობა დღეს სხდომაზე არ განიხილეს. ის, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი მიზანი, ქვეყნის განვითარების შეფერხების გზით საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაა, ეს დიდი ხანია ყველამ კარგად ვიცით. ახლა მინდა მივმართო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც პარტია ,,საქართველოსთვის” წარმომადგენელია, მას როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს რეგლამენტით აქვს დისკრეციული უფლებამოსილება მოიწვიოს რიგგარეშე ბიურო ან შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეს საკითხები განსახილველად დააყენოს პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე”, – განაცხადა რუსთავის მერმა.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პარტია ,,საქართველოსთვის” წევრია, პასიურ მდგომარეობაშია და მის პასიურობას მთელი ქალაქი ხედავს.
,,მოვუწოდებ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და დადგეს რუსთაველების და ქალაქის ინტერესების მხარეს. მისი ეს პასიური მდგომარეობა, რომელსაც მთელი ქალაქი ხედავს ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკვე აღიქმება, როგორც ქალაქის ღალატი, რადგან რუსთავის ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე უარის თქმას, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს. რუსთავის მერია აქტიურად აგრძელებს მხოლოდ და მხოლოდ რუსთაველების ინტერესებიდან გამომდინარე ახალ პროექტებზე მუშაობას და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციურ ტანდემს, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა რუსთაველების ინტერესები დააყენონ. მათ რუსთაველების წინაშე ვალდებულებები აიღეს და ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს რუსთაველებისთვის და არა მათი პოლიტიკური ლიდერებისთვის”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები