ირაკლი ქარსელაძე – ტყიბულში 35-ზე მეტი შენობა განახლდება

„ტყიბულში 35-ზე მეტი შენობა სრულად იქნება განახლებული. განახლება, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ენერგოდამზოგველი და შესაბამისად ჩვენი მოსახლეობისთვის ხარჯების დამზოგველი, მასალების გამოყენებას. ეს არის დათბუნება, იზოპროფილების კარ-ფანჯარა, საჭიროების შემთხვევაში – გადახურვა, საინჟინრო ქსელების მოწესრიგება,“ – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ტყიბულში მიმდინარე ურბანული განახლების სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ ტყიბულის კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების ურბანული განახლება დასრულების ეტაპზეა. რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან შენობებს.
სამუშაოები მოიცავს შენობების არსებული კარ-ფანჯრის იზოპროფილის ვიტრაჟებით შეცვლას, შენობის ფასადზე თბოსაიზოლაციო კომპონენტების გაძლიერებას, მიმდებარე საფეხმავლო ზოლის მოწესრიგებას, მიმდებარე სკვერების კეთილმოწყობასა და ბავშვთა გასართობი სივრცეების განახლებას.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს. მათ შორისაა, სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, სკოლა თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების დაცვით განახლდება და 350 მოსწავლის მომსახურებას შეძლებს. ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით“ კი, ქალაქში რეკრიაციული ზონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები