„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, უკვე აღდგა პარკთან დამაკავშირებელი ხიდი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია და ბავშვთა გასართობი კუთხე. ამ ეტაპზე კი ადგილზე გამწვანებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღია სცენასა და მაყურებლების სივრცეს.
პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, პირველ მოადგილესთან, გიორგი ჩიფჩიურთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“, ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს მხარეში კი სამ მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ახლა თიანეთში ვიმყოფებით, სადაც აღნიშნული პროექტი ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სპორტული მოედნისა და მიმდებარე რეკრეაციის განვითარებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა ამ ეტაპზე პარკის კეთილმოწყობა კვლავ აქტიურად გრძელდება. მათ შორის, გამწვანების მიზნით, ირგვება ასობით დეკორატიული ხე-მცენარე…
პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა არაჩვეულებრივი სარეკრეაციო სივრცით ისარგებლებს, ხოლო თიანეთის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.“ – განაცხადა დავით ნოზაძემ.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები