თელავში მრავალფუნქციური სპორტული მოედნის და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონულ დონეზე საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თელავის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა დაათვალიერა.

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი სამოყვარულო ტურნირებისთვის, ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები შესაბამისი განათების სისტემებით.

დაგეგმილია ახალი სარბენი ბილიკის, ღია სავარჯიშო სივრცის, ღია ტიპის მაგიდის ჩოგბურთის და დასასვენებელ-რეკრეაციული სივრცის მოწყობა. არსებული მრავალფუნქციური სივრცე საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ასევე, უნივერსიტეტისათვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება სტუდენტების მოსაზიდად, რეგიონული ტურნირების ჩასატარებლად, რაც კიდევ უფრო გაზრდის თელავის, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობას.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს რომლის ღირებულებაც 2 260 800 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გიკო” ახორციელებს.

პროექტის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები