ირაკლი ქარსელაძე: ბორჯომის კავალერიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

„ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი დასრულდა. მე-19 საუკუნეში აშენებულ შენობას რესტავრაცია აუთენტურობის სრული დაცვით ჩაუტარდა. შენობა შეიძენს ახალ ფუნქციას, რითაც თამამად უპასუხებს საზოგადოებრივად საინტერესო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცის მოთხოვნებს, ხოლო ბორჯომელებისა და დამსვენებლებისთვის გაჩნდება კიდევ ერთი საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომში „კავალერიის შენობის“ დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბორჯომში, კოსტავას სახელობის პარკში მდებარე, ეგრეთ წოდებული კავალერიის შენობის რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი მოიცავდა შენობის სრული რეაბილიტაციისა და სამუზეუმო სივრცედ ადაპტაციის სამუშაოებს.

უწყების ინფორმაციით, აღდგენილ შენობაში საექსპოზიციო დარბაზები მოეწყო, რომელშიც ბორჯომის მხარეთმცოდნეობის ფონდში დაცული ექსპონატების ნაწილი განთავსდება.

„გოთიკური სტილის კავალერიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა. შენობა აგებულია ბუნებრივი ქვით, აგურითა და ხით. რეაბილუტაციამდე, შენობა დაზიანებული. მისი უკანა ნაწილი ნაწილობრივ დანგრეული, სართულშუა გადახურვები და ინტერიერი კი სრულად განადგურებული იყო. სამუშაოების შესრულებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ინოვაციური მიდგომებით, შენობის კულტურული ღირებულების და ავთენტურობის მაქსიმალურ შენარჩუნებას.

პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის 2.8 მილიონ ლარზე მეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ირაკლი ქარსელაძე კავალერიის შენობის მიმდებარე, მერაბ კოსტავას სახელობის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებსაც გაეცნო. პროექტს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, პროგრამიდან „განახლებული რეგიონები“ მიღებული დაფინანსებით, ახორციელებს. სამუშაოები საბავშვო სივრცეების, ამფითეატრის, შადრევნის, საფეხმავლო ბილიკებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები