შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ მთის კვირეულს, თუშეთობას, მოვუწოდებ ყველას, ამოვიდნენ მთაში ოჯახებით, სტუმრებით, დატკბნენ აქაური სილამაზით და ემოციებით დაბრუნდნენ ბარში
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მთის კვირეულის ფარგლებში თუშეთს ესტუმრა. როგორც მან ომალოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, თუშეთში თითოეული მთა, სოფელი და ბილიკი ინახავს საქართველოს ისტორიას .
„მივესალმები ყველას ადგილიდან, რომელიც არის უნიკალური ბუნების და კულტურის საგანძური. აქ თითოეული მთა, სოფელი და ბილიკი ინახავს ჩვენს ისტორიას. როდესაც ჩვენ ამ ბილიკებზე დავდივართ, ამ მთებს შევყურებთ, ამ სოფლებში ვართ და ამ სახლებს ვხედავთ – ვართ თანაზიარი იმ ისტორიისა, რომელიც ამ რეგიონმა ასე სათუთად შემოგვინახა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინახოთ ის ბუნება, ისტორია და ტრადიცია, რომელიც აქ არის. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ უფრო მეტი საშუალება არსებობს ინფრასტრუქტურის მხრივ, რომ ადამიანები ამოვიდნენ თუშეთში და დატკბნენ იმ სილამაზით, რომელიც აქ დახვდებათ. პრემიერმაც ახსენა მთის კანონი, რომელმაც ბევრი შეღავათი მისცა მთაში მცხოვრებ ადამიანებს, რათა ისინი დაუბრუნდნენ მამა-პაპისეულ სახლებს, ჰქონდეთ ცხოვრების ღირსეული პირობები და მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ეს პირობები. კიდევ ერთხელ გილოცავთ მთის კვირეულს, თუშეთობას, მოვუწოდებ ყველას, ამოვიდნენ თავისი ოჯახებით, სტუმრებით, დატკბნენ აქაური სილამაზით და ამ ემოციებით დაბრუნდნენ ბარში““, – აცხადებს პაპუაშვილი.