ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი აფთიაქი გაიხსნა

დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი აფთიაქი გაიხსნა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, „ჯპს“-ის აფთიაქი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ და GPC-ის რეგიონალურმა დირექტორმა, ელზა ჯავახაძემ გახსნეს. როგორც აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის იმერეთის რეგიონში ჯპს-ის მეშვიდე აფთიაქი.

,,მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს ეტაპობრივად ახალი ობიექტები ემატება. ჩვენი მიზანია, რომ დივერსიფიცირება მოვახდინოთ იმ ობიექტების, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს. ჯპს არის პირველი აფთიაქი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში გაიხსნა. მედიკამენტების გარდა, აფთიაქში ყველა ის საჭირო პროდუქტი იყიდება, რომელიც მოგზაურობისთვის არის საჭირო“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

„ჯპს“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა და ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ ფილიალს ფლობს.

პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. აქციები, რომლებიც კომპანიას ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად თუ სხვადასხვა დღესასწაულზე აქვს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფილიალზეც გავრცელდება.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში კვების, სავაჭრო და სხვა სახის 13 ობიექტია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში ქუთაისის აეროპორტს კიდევ რამდენიმე ახალი ობიექტი შეემატება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები