აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უწყების საქმიანობის ანგარიში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს წარუდგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას თინათინ ზოიძემ რეგიონში ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე, ვიზიტორების ზრდის ტენდენციებზე, რეგიონის პოპულარიზაციის, სერვისის გაუმჯობესებისა და მთის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
სტატისტიკა
2022 წ. I კვ. მონაცემებით, აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 68.8%-ითაა აღდგენილი, რაც უცხოელი ვიზიტორების მიერ რეგიონში განხორციელებულ 57’700 ვიზიტს გულისხმობს. მაისის თვეში კი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით აღდგენილია 86.6 % – ით (266’558 ვიზიტი).
დადებითი დინამიკა ფიქსირდება შიდა ტურიზმის აღდგენის კუთხითაც. კერძოდ, 2022 წ. I კვ. მონაცემებით, აჭარაში განხორციელებული შიდა ვიზიტების რაოდენობა ჯამში შეადგენდა 368’400 ვიზიტს, რაც გულისხმობს 2019 წლის მაჩვენებლის აღდგენას 94.6%-ით.
მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ხდება საერთაშორისო ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება. ივლისში ბათუმის აეროპორტში 370 საერთაშორისო რეისი 12 ქვეყნიდან განხორციელდება. პირველი კვარტალის მონაცემებით, აეროპორტში 2019 წელთან შედარებით +30% მატება ფიქსირდება. 2022 წლის ივნისში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ 300-მდე საერთაშორისო რეისი 12 ქვეყნიდან ხორციელდება. წელს, რეგიონში შემოვიდა 5 ახალი ავიაკომპანია : Airbaltic (რიგა-ბათუმი (ლატვია)), Flydeal (ერ-რიადი, ჯედა – ბათუმი (საუდის არაბეთი)), Jordan Aviation (ამანი – ბათუმი (იორდანია)), Aseman (თეირანი – ბათუმი (ირანი)) და Uzbekistan Airways ( ტაშკენტი – ბათუმი (უზბეკეთი)).
ტურისტული პროდუქტების განვითარება
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო წარმატებით მუშაობს რეგიონში ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირების, განვითარების და ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. კერძოდ;
ქობულეთში – ტენდერი უკვე გამოცხადდა ისპანის ტორფნარებზე გარემოსთან ადაპტირებული ტურისტული ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. სახალვაშოში დაგეგმილია ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმის განახლება და საერთაშორისო ფესტივალისთვის მომზადება. სოფელ ჩაქვისთავში განაახლა სადამკვირვებლო პლატფორმა, მოეწყო საპიკნიკე სივრცე და საქანელები.
ხელვაჩაურში – მიმდინარეობს მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა, სოფელ კაპნისთავში შეიქმნა ახალი კანიონგის – კასკადოვან ჩანჩქერებზე დაშვების ექსტრემალური ტურისტული პროდუქტი, მოეწყო დაშვების ლოკაციები, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მაჭახელაში.
ქედაში – დაემატება ახალი საპიკნიკე ტერიტორიები ზედა მახუნცეთში და ხარისსაწოლის იალებზე, მოეწყობა დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკიც და ჩანჩქერი შევა ტურისტულ მარშრუტში. წელს გაიხსნება კავიანის 6 კილომეტრიანი სამთო ველობილიკიც.
შუახევში – წელს გაიხსნება და მიიღებს ვიზიტორებს ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, სადაც მოწყობილია საშხაპეებიც, საკოცონე და ღამისთვის სივრცეებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილი აქვს 10 მლნ ლარი. ასევე, დაახლოებით 10 მლნ ლარი დაიხარჯება ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობისთვის.
ხულოში – ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და წელს იწყება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა. ღორჯომში დაიწყო საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. უჩხოს ხეობაში კანიონინგი ვითარდება. მიმდინარე წელს გაიჭრა და კეთილმოეწყო კანიონინგთან მისასვლელი ბილიკები, გადამზადდნენ კანიონერები და აღიჭურვნენ სპეციალური ფორმებით.
აჭარის კულინარიულ გზამკვლევში 110-ზე მეტი აჭარული კერძის რეცეპტი განთავსდა. წიგნში ნაკლებად ცნობილი და მივიწყებული აჭარული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული.
რეგიონის პოპულარიზაცია
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, პრეს-ინფო-ტურების ორგანიზებასა და სარეკლამო კამპანიებს სამიზნე ქვეყნებში.
წელს, ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ბათუმი ევროპის საუკეთესო ჩამალულ მარგალიტად დაასახელა და ევროპულ მიმართულებებს შორის პირველი ადგილი მიანიჭა. ბათუმი, როგორც ევროპის ფარული მარგალიტი, წამყვანი მედიაგამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა: Euronews, Forbes USA, Conde Nast Traveller, Sapo Brasil, Viaggi Corriere, Yahoo France, Ouest France.
საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა (86 ჟურნალისტი და 173 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი).
აჭარის პოპულარიზაციის მიზნით რეგიონის ტურისტული პროდუქტები 13 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და კულინარიულ ფესტივალზე იყო წარდგენილი. რეგიონის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებაზე, სტატიები გამოქვეყნდა ჟურნალებში National Geographic Traveler, Travel Poland, Homeland of Wine, National Geographic Traveller Food და National Geographic Traveller.
აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით ბალტიისპირეთის ქვეყნებში ონლაინ მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს, რასაც წინ უსწრებდა პრეზენტაციები და შეხვედრები 80-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელთან.
სერვისის განვითარება
სერვისის დონე აჭარის რეგიონში ჯერ კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რომელზეც ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მუდმივად იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვის, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში წლიურად ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადება ხდება.
შეიქმნა სერვისის განვითარების ხელშეწყობისთვის ონლაინ პორტალი serviceajara.ge, რომელზე განთავსებულია ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგების კალენდარი, ვიდეოგაკვეთილები, სახელმძღვანელოები, რომლის მეშვეობითაც პორტალზე რეგისტრირებულ სექტორის წარმომადგენლებს მუდმივად აქვთ წვდომა სერვისის გაუმჯობესების კუთხით რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ტრენინგებსა და მასტერკლასებზე.