ბოლნისის თეატრის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

ბოლნისის თეატრი 80 წლისაა. თეატრის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის კულტურის სახლში საზეიმო საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრნენ.

ბოლნისის თეატრის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოწყობილ მიღებაზე თეა წულუკიანმა თეატრის დასის წევრებს იუბილე მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა კი ბოლნისის თეატრში მოღვაწე თეატრალები დააჯილდოვა. დაჯილდოების ფარგლებში, თეატრალური საზოგადოების სახელით, გიორგი გეგეჭკორმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტს მერს, ბოლნისის თეატრის მხარდაჭერისთვის, „ქართული თეატრის ქომაგის“ წოდება გადასცა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ბოლნისის თეატრის დასმა მაყურებელს უილიამ შექსპირის ,,ჰამლეტი“ წარუდგინა. სპექტაკლს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო. ღონისძიების დასასრულს კი კულტურის სახლის წინ ბოლნისის თეატრის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

„მოხარული ვარ, რომ ბოლნისის თეატრის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი დაესწრო. ჩვენს დასს მსურს, იუბილე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. თითოეული ბოლნისელი ამაყობს ჩვენი თეატრით, რასაც მაყურებლების დიდი სიყვარულიც ადასტურებს. საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას მსურს დიდი მადლობა გადავუხადო „თეატრის ქომაგის“ ჯილდოს მონიჭებისთვის, ეს ჩემთვის მართლაც დიდი პატივია. ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენი თეატრის განვითარების პროცესში თავის წვლილს ყოველთვის შეიტანს და დარწმუნებული ვარ, ბოლნისის თეატრი მომავალში კვლავ არაერთი საინტერესო სპექტაკლით გაგვანებივრებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები