დაბა ურეკში ახალი ბულვარი მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის მოწყობის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების სამუშაოები დაასრულა.  

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 3.1 მილიონი ლარია.

განახლებული ბულვარი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში, ბულვარის სამშენებლო სამუშაო ითვალისწინებდა: ბულვარის ცენტრალური შესასვლელის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკის, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მთავარი მოედნის, მცირე მოედნის, სველი წერტილების სრულ დემონტაჟს და ახლის მოწყობას. ასევე, მოხდა თაყაიშვილის ქუჩისა და ბულვარის დამაკავშირებელი გასასვლელების რეკონსტრუქცია, მცირე არქიტექტურული ფორმებისა და ბულვარის ინვენტარის, ბავშვთა მოედნის და სპორტული აქტივობებისთვის სივრცეების მოწყობა. ბულვარის საერთო სიგრძე  1.621 მეტრია.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო გარე განათება, ველო-ბილიკები და მცირე მოედნები და სივრცეები ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის. ასევე, მოხდა საპირფარეშოების მშენებლობა.

დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.

ამასთან ერთად, მხარეებმა დაათვალიერეს გურიის სანაპირო ზოლის მოვლის სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს, რისთვისაც მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მათ შორის, ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach tech). მოწესრიგება-დასუფთავების სამუშაოებზე ამჟამად დასაქმებულია 180-მდე ადგილობრივი მოსახლე.

გურიის სანაპირო ზოლი მზად არის ტურისტებს კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში უმასპინძლოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები