რუსთავში, ქალაქის შესასვლელისა და სამი მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტი, ქალაქის შესასვლელის სრულ რეაბილიტაციასა და სამი მოედნის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
„რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად განიხილა.
პროექტის ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელში, 70 000 მ2-მდე ფართობზე მწვანე სივრცე, გარე განათების ქსელი და ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა მოეწყობა, დაირგვება 1680-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ტერიტორიაზე განთავსდება ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა – ,,რუსთავი’’. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება თამარ მეფის, ჟიული შარტავასა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნებიც. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა გაბიონები, უსაფრთხოების კუნძულები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი და რეკრეაციული სივრცე.
,,დავიწყეთ კიდევ ერთი ძალიან მასშტაბური და საჭირო პროექტის განხორციელება, რომელიც ქალაქის შემოსასვლელის სრულ რეაბილიტაციას და სამი მოედნის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ქალაქის შემოსასვლელი თითქმის სრულად შეცვლის იერ-სახეს. დაგეგმილი გვაქვს დენდროლოგიური პროექტიც და პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე ყველგან გაჩნდება ახალი მწვანე სივრცე. მოეწყობა ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა, უსაფრთხოების კუნძულები, რაც უფრო კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას. პროექტი გარდამავალია, მაგრამ წლის ბოლომდე ძირითადი სამუშაოები დასრულებული გვექნება. ჩვენთვის უმთავრესია, რომ პროექტი ხარისხიანად შესრულდეს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდეს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა ზაზაძე აცხადებს, პროექტი უნიკალურია იმ მხრივაც, რომ სარწყავი სისტემის წყლით მომარაგება მდინარე მტკვრიდან რუსთავში პირველად მოხდება.
ვიზუალურის გარდა, პროექტს სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს.
,,ავტომობილების რაოდენობის ზრდამ აუცილებელი გახადა ე.წ. უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა, პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ცენტრალური სატრანსპორტო კვანძები უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მძღოლებისთვის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზურაბ ტაბაღუამ.
პროექტის ღირებულება 4 649 744 ლარია, სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2023 წლის იანვარში უნდა დასრულდეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.