სამტრედიაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
სამტრედიაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ დეტალურად განიხილა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ეტაპებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
სემინარს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“– ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.