ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში გენერალ დავით ართმელაძის სახელობის მემორიალი გაიხსნა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“გენერალი ართმელაძე სოფელ ქვიანში 1865 წელს დაიბადა. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო აღმშენებლობის პროცესში. 1921 წელს ქალაქ ბათუმის გადასარჩენად გენერალ მაზნიაშვილსა და ფრიდონ წულუკიძესთან ერთად იბრძოდა. ის სოფელ ქვიანშია დაკრძალული.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, ართმელაძეების გვარის წარმომადგენლები და სოფლის მცხოვრებლები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.