გორის მერიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6-თვიან კამპანიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატი გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტის მერიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6-თვიან კამპანიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატი გადაეცა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

პროექტი „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“ გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის „Helping Hand“ პარტნიორობით განხორციელდა.

მათი ცნობით, დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს მუნიციპალიტეტების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და იუნისეფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“პროექტის დახურვის ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია ახალგაზრდების მონაწილეობით, სადაც მოზარდებმა მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოხალისეები და ჰიგიენის კლუბები.
პროექტში საქართველოს 63 მუნიციპალიტეტის 150 ახალგაზრდასთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 34 ახალგაზრდა მოხალისე მონაწილეობდა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6 თვიანი კამპანია ტრენინგებით, ვებინარებით და მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოხალისეებმა დააფუძნეს ჰიგიენის კლუბები და განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა.
მოხალისეებმა, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ სესიებში, რომლებიც ჩაატარეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, ფსიქოლოგებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ექსპერტებმა. სესიების გავლის შემდეგ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მოეპოვებინათ მიკრო გრანტები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელეს მცირე, ლოკალური პროექტები თავიანთ თემებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები