პრემიერი: წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან – სახელმწიფო „ბორჯომის“ ქარხნის თანამფლობელი გახდება
წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გარიგება უსასყიდლოდ დაიდება და მას შემდეგ, რაც სახელმწიფო “ბორჯომის“ ქარხნის თანამფლობელი გახდება, ყველა ის პრობლემა, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს ჰქონდათ მოიხსნება.
“მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა გაცნობოთ, რომ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე. ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები. ამის შემდეგ სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის – ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც „ბორჯომს“ და მის თანამშრომლებს ჰქონდათ შექმნილი ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი. აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“, – განაცხადა პრემიერმა.