“ბორჯომის” ბიზნესგანვითარების დირექტორი: სამწუხაროა, რომ ბორჯომში ჩამოსულმა სახალხო დამცველმა ვერ მოახერხა კომპანიის ადგილზე მყოფ მენეჯმენტთან შეხვედრა
“IDS ბორჯომის” ბიზნესგანვითარების დირექტორი, ზვიად მემარნიშვილი გაფიცულ თანამშრომლებთან ომბუდსმენის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა პოზიტიურად იმოქმედებს მიმდინარე პროცესებში.
ამასთან, ის სამწუხარო ფაქტად აფასებს, რომ ბორჯომში ჩასული ნინო ლომჯარია ადგილზე მყოფ კომპანიის მენეჯმენტსა და იმ თანამშრომლების ნაწილს, რომლებიც გაფიცვას არ უერთდებიან, არ შეხვდა.
“ბორჯომში სახალხო დამცველის დღევანდელი ვიზიტის შესახებ.
მე როგორც კომპანია IDS Borjomi Georgia – ს ბიზნესგანვითარების დირექტორი, მივესალმები პროცესის კონსტრუქციულ ჭრილში გადატანას და ამ მიმართულებით გაწეულ ნებისმიერ ძალისხმევას. ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობისთვის, ჩვენ ასევე მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, სახალხო დამცველს, მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ბორჯომის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის აპარატიც, საპასუხოდ, დაინტერესდება ყველა მხარის პოზიციით.
ქალბატონი ლომჯარიას განცხადებებთან მიმართებაში მინდა დაზუსტება გავაკეთო, მისი სრულად ინფორმირების მიზნით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან უკვე დაწყებულია მედიაციის პროცესი. შექმნილ ვითარებაში, ჩვენ მოვისმინეთ სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სახელმწიფოს მოუწოდებს პროცესში ჩართვას, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ეს ნაბიჯი 2 დღის წინ გადაიდგა.
ასევე სამწუხაროა, რომ ბორჯომში ჩამოსულმა სახალხო დამცველმა ვერ მოახერხა ვერც კომპანიის ადგილზე მყოფ მენეჯმენტთან შეხვედრა, მეც ადგილზე გახლდით, და ვერც თანამშრომლების იმ ნაწილთან, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს საწარმოში შესვლას და მუშაობას, თუმცაღა პიკეტირებისა და ზეწოლის გამო, ვერ ახერხებს, სამუშაოს შესრულებას.
ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა პოზიტიურ წვლილს შეიტანს მიმდინარე პროცესში”, – წერს ზვიად მემარნიშვილი.
შეგახსენებთ, ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის მუშებს დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბორჯომში აქციის ადგილზე მივიდა და პროტესტის მონაწილეებს შეხვდა.
მიშების ნაწილი მეათე დღეა გაფიცულია. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას, უვადო კონტრაქტებსა და ხელფასის მატებას ითხოვენ.