ჭიათურაში, ჯადული იობაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამასთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის პრეზენტაცია შედგა.
პროექტი ითვალისწინებს: ტრიბუნების მოწყობას, სტადიონზე არსებული ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას, გასახდელების, საშხაპეების, მსაჯების საკონფერენციო ოთახის, მშობლებისთვის საერთო მოსაცდელის, ექიმის და მწვრთნელის ოთახების და სველი წერტილების მოწყობას.
პარალელურ რეჟიმში მუნიციპალიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა სტადიონზე ახალი ბალახის საფარის მოწყობა მოხდეს.
შესაბამის დოკუმენტს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად ხელი დღეს მოაწერა, რის მიხედვითაც სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ შენებას , ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მალე ჭიათურელ ახალგაზრდებს ახალი სტადიონი ექნებათ,რაც მიცემს მათ საშუალებას ივარჯიშონ,განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და ჩვენს ქალაქს მოუტანონ გამარჯვებები. ჩვენთვის პრიორიტეტად კვლავ რჩება ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ცენტრალური სტადიონის მშენებლობა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ფეხბურთი ჭიათურაში კვლავ აღორძინდება”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
ღონისძიებას ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები და ნორჩი ფეხბურთელები დაესწრნენ.