საგურამოში საავტომობილო და სოფლის შიდა გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

მოსული უხვი ნალექის გამო, საგურამოში შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად, საავტომობილო და სოფლის შიდა გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ეტაპზე სოფლის მაცხოვრებლების უმეტესობას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება, ასევე, გვიან ღამითვე მოიხსნა გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვაც, თუმცა პრობლემის სრულად მოგვარების მიზნით, ადგილზე რჩება ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით.

სოფელ საგურამოში არსებულ სიტუაციას ინტენსიურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძეს, მოადგილე გიორგი ჩიფჩიურს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ დიმიტრი ზურაბიშვილსა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებს, შესაბამის სამსახურებთან და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

“კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან. მათ მიერ უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად ტარდება ყველა სათანადო ღონისძიება.

მოსახლეობის დახმარების მიზნით, შესაბამისი კომისია შეისწავლის ზარალს. ბოდიშს ვუხდი ადგილობრივებს შექმნილი ვითარების გამო. გაწმენდითი სამუშაოები ყველა იმ ადგილას, სადაც ამისი საჭიროებაა, პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება,” – განაცხადა დავით ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ საგურამოში მოსულმა ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა დააზარალა და გადაადგილების პრობლემა შექმნა. შესაბამისი უწყებების მიერ ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე, სოფელ საგურამოში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები