ქალაქ თელავში ქუჩების დამისამართების, სტანდარტიზაციისა და საინფორმაციო დაფების განთავსების სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალი გადამისამართების მიხედვით დაგეგმილია ქალაქ თელავის 200-ზე მეტი ქუჩის და ჩიხის ძველი სამისამართო ფირნიშების ახლით ჩანაცვლება.
დაგეგმილია თელავში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კერამიკული საინფორმაციო დაფების განთავსება, ქალაქის 15 ლოკაციაზე სანავიგაციო მანიშნებლების მოწყობა, ხოლო 5 ლოკაციაზე საინფორმაციო ლაითბოქსების განთავსება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,len & kompani,, ასრულებს.
პროექტის სტრატეგიული მიზანია მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესება, ასევე თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.