სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს
სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდს სასულიერო პირები აღასრულებენ. ტაძარში ასევე ჩატარდება წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია.
“დროდადრო, ყველაზე უფრო სენსიტიურ თემებზე გაკეთებული მოუფრთხილებელი განცხადებები იწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას, ადამიანების წყენას. საჭიროა ერთსულოვნება იყოს და ლოცვით გადავლახოთ უკმაყოფილება. იცით, რომ ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში”,- განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, მანამდე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს მიმართა: „რაც უნდა პროვოკაციულად გვეჩვენოს შეკითხვა, არ გავცდეთ ქრისტიანული ცხოვრების წესს, ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს“.