აზიური ფაროსანას საპრევენციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყეს.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის, საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსი ლაშა შალამბერიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია მის მოადგილესთან მაიზერ ნანავასთან ერთად დაესწრო.
სოფელ ორსანტიაში რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა იყო მობილიზებული და სპეციალური აღჭურვილობით სპეციალისტები, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებას უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს „სმს”-გზავნილების სისტემა, რომელიც მოსახლეობას 24 საათით ადრე აწვდის ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.
ამიტომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე „parosana.ge”-ზე და მიმდინარე წელს დაგეგმილი საპრევენციო ღონისძიებების შესახებ სრულად ინფორმირებული იქნებიან.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მეფუტკრე-ფერმერებთან შეთანხმებით კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხორციელდება.
პროცესში აქტიურად ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობა. თერმული ნისლით დამუშავება ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.