საპატრიარქო დღეს სვეტიცხოველში ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
საქართველოს საპატრიარქო დღეს, 12:00 საათზე, სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ამასთან დაკავშირებით შეტყობინება ტაძრების ხელმძღვანელებს საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა.
“შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს”, – წერს საპატრიარქო
შეგახსენებთ, დაახლოებით 2 კვირის წინ პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გააკრიტიკა, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. გასულ კვირას თელავში ერეკლე მეორეს დასაცავად აქცია გაიმართა, სადაც ბერძენიშვილს მოუწოდეს, მეფის სახელის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოს. სიტყვით გამოსვლის დროს მსახიობმა პაატა გულიაშვილმა ბერძენიშვილის მისამართით განაცხადა: “ენა დაიმოკლოს, გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. დიდება მეფეს! და ჭკვიანად იყვნენ სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები და თელაველები განსაკუთრებით”.