ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდნენ – აქციის მესამე დღე

“აიდიეს ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლები მესამე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და გაფიცვას აგრძელებენ.
დღეს პროტესტი ბორჯომის მერიასთან განახლდება.
თანამშრომლები ამბობენ, რომ სოციალურ პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

რას ითხოვენ დასაქმებულები:

1. უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა;
2. ხელფასების დარიცხვა;
3. ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება;
4. უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25-%ით ზრდა;
5. შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა, მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემა;
6. კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.

რა პოზიცია აქვს კომპანიას:

“აი დი ეს ბორჯომში” აცხადებენ, რომ გაყინული ანგარიშების, ექსპორტის გაჩერებისა და სანქციების ფონზე, კომპანიამ მოახერხა და თანამშრომელთა 95% შეინარჩუნა. ქარხანამ წარმოება მესამე დღეა განაახლა.
ბორჯომის ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორის მერაბ ახმეტელის განცხადებით, მთავარი მიზანი კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენაა. მისივე თქმით, უცვლელი დატოვეს სახელფასო განაკვეთი. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა. ადმინისტრაციაში თვლიან, რომ ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი, არარეალური მოთხოვნაა.

“ჩვენ ამ ურთულეს პირობებშიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 95% შევინარჩუნეთ, ასევე, უცვლელი დავტოვეთ სახელფასო განაკვეთი. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ – ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის.
აღნიშნულ ვითარებაში კი, არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი, არარეალური მოთხოვნა და მიზანმიმართული მცდელობაა, რომ დაზიანდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოების პროცესი და დასაქმებული ადამიანები”, – აცხადებს მეტრეველი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები