ტურსააგენტოები ლიეტუვადან და ესტონეთიდან აჭარაში მოგზაურობენ
ლატვიის შემდეგ ტურსააგენტოები აჭარას ესტონეთიდან და ლიეტუვადან სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მსხვილი სააგენტოების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და სერვისებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ინფოტური ადგილობრივ სააგენტოებთან საქმიანი შეხვედრებით დაიწყო, სადაც ურთიერთთანამშრომლობისა და ქვეყნებს შორის ტურისტების გაცვლის საკითხები განიხილეს.
“ბათუმისა და ქობულეთის სასტუმრო ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ესტონელი და ლიეტუველი სტუმრები პეტრას ციხეს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ქედის ტურისტულ პროდუქტებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნობიან. ინფოტურის მონაწილეებირეგიონში 5 ივნისამდე დარჩებიან.
ბალტიისპირეთიდან აჭარას სტუმრობდა წამყვანიმედია საშუალებების ჟურნალისტებიც, რომლებიც რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეს–ინფო ტურების ორგანიზებას ბალტიისპირეთიდან აქტიურად გააგრძელებს, რათა მეტ პოტენციურ ტურისტს მიაწოდოს ინფორმაცია ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების შესახებ. წელს პირველად ფრენები ბათუმში დაიწყო ლატვიის დედაქალაქიდან. გარდა რიგისა, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ისევ შესრულდება ტალინიდან და ლიეტუვადან, რაც ბალტისპირეთიდან რეგიონში ტურისტების შემოდინებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.