ჭიათურაში 100 წლის მეცნიერთან შეხვედრა გაიმართა
დღეს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, 100 წლის მეცნიერის ელენე აბაშიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ცნობილი პედიატრი ყარამან ფაღავა, ჟურნალისტი გვანჯი მანია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი და ღონისძიების ორგანიზატორი მაია ტყემალაძე.
“ჩვენთვის საამაყოა,რომ დღეს ვმასპინძლობთ ჩვენს სახელოვან თანაქალაქელს და ჩვენი დროის გამოჩენილ მამულიშვილს,გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ ელენე აბაშიძეს,რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა მეცნიერების ამ დარგს და გახლავთ ძალზე წარმატებული ქალბატონი არა მარტო საქართველოში,არამედ მის ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა სანტერესო ნომრები, ლექსები, სიმღერები და ცეკვები,კეთილი სურვილები, სითბო, მადლიერების გამოხატვა სახელოვანი მეცნიერისადმი მისი ღვაწლის გამო.
მხატვრულ ნომრებს ეკრანზე ელენე აბაშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კადრები ცვლიდნენ.
ღონისძიების დასასრულს იუბილარმა მადლობა გადაუხადა მშობლიურ ქალაქს განსაკუთრებული ყურადღებისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის.
გამოჩენილი მეცნიერი ელენე აბაშიძე გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი დაიბადა 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში. დაამთავრა ჭიათურის მე-2 საშუალო სკოლა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1944 წელს გაანაწილეს სოფელ პერევისის საშუალო სკოლაში, სადაც 4 საგანს ასწავლიდა.
იგი ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13200 ექსპერიმენტისა. მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი;
აშშ ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა; იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში.