დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში მერიის მიერ კულტურული და სპორტული აქტივობებით აღინიშნა
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული და სპორტული აქტივობებით აღინიშნა.
ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სამტრედიელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, თვალ–ყური ედევნებინა მოყვარულ მოჭადრაკეთა ასპარეზობისთვის, მხარი დაეჭირა მკლავჭიდელთა ორთაბრძოლისთვის და ქართული, ტრადიციული ჭიდაობის სახეობებში მონაწილეებისთვის ეგულშემატკივრათ.
აღნიშნულ სპორტულ აქტივობებში პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები მერიის მიერ დაწესებული პრიზებისა და ფულადი საჩუქრების მფლობელები გახდნენ.
დღის ფინალი სამტრედიის იპოდრომზე გამართული საცხენოსნო სანახაობა იყო.
დოღი, რომელშიც წმინდა სისხლის ინგლისური ცხენები მონაწილეობდნენ, აბაშის, სიღნაღის, ოზურგეთის, ახმეტის, ზუგდიდის და სამტრედიის მხედრები ჩაერთნენ.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც მერიისგან სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
ღონისძიებას ორგანიზატორობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის სამსახური. მხარდამჭერი ცხენოსნობის ფედერაცია, ხოლო დოღის მსვლელობას კურატორობდა საქართველოს ქართული ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვადაჭკორია.
ღონისძნიებების მიმდინარეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
“საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი არის. ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, მთლიანობა და დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლის და მშვიდობის გარანტია. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებზე ორიენტირებულ მომავალს”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.