დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო თელავში, მეფე ერეკლე მეორეს მოედანზე დამთვალიერებელს შემეცნებით-გასართობ აქტივობებს სთავაზობს

26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით „საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ“ იმართება. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ თელავში, მეფე ერეკლე მეორეს მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს.
ქალაქ თელავში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის აღმშენებლობასა და ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესში”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.
დაცული ტერიტორიების სააგენტო რამდენიმე თემატიკით არის წარმოდგენილი – შემეცნებითი, გასართობი, კულტურული და საგამოფენო. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ; წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, კახეთში ყველაზე მეტი დაცული ტერიტორიაა.
ღონისძიების სტუმრები კახეთის მხარის გამოჩენილი ადამიანებისა და მათი ევროპულ საზოგადოებასთან ურთიერთობების ისტორიის შესახებ ინფორმაციას კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხეში გამოფენილი გამონათქვამებით, ფოტოებით და სხვა ნამუშევრებით მიიღებენ. აქვეა განთავსებული ინფორმაცია თელავთან დამეგობრებული ევროპული ქალაქების შესახებ: ბიბერახი (გერმანია); ზელონა გორა, ჟეშუვი (პოლონეთი); კედაინიაი, ანიკშჩაი (ლიეტუვა); დაუგავპილსი, ტალსი (ლატვია); ვილიანდი (ესტონეთი); ბალტა (უკრაინა) და სხვა.

მთელი დღის განმავლობაში, ერეკლეს მოედანზე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო-გასართობი აქტივობები, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-ბაზრობა.
17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.
საზეიმო ღონისძიებები „Goofy land”-ისა და თეატრალური კვარტეტის კონცერტით დასრულდება.
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილია ქალაქებში: თბილისი, გორი და თელავი. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, ქართული ღვინის სივრცე „საქართველო ღვინის სამშობლო“ და გარემოს დაცვის კუთხე „მწვანე სივრცე“ მოეწყო; ქალაქ გორში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, სააგენტოს ბენეფიციარების პროდუქციის გამოფენა/ბაზრობა იმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები