საგარეჯოში, ბაღებში სააღმზრდელო პროცესის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით, სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია გრძელდება
ბაღებში სააღმზრდელო პროცესის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან – ემზარ კუჭუაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე – ალექსი გილაშვილთან, სოფლის დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ყანდაურაში ახლად რეაბილიტირებული ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნა. შეცვლილია შენობის სახურავი, ხის კარ-ფანჯრები ჩანაცვლებულია მეტალო-კონსტრუქციით, დამუშავდა და შეიღება ფასადი, შენობის შიდა პერიმეტრზე ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 291 658 ლარით დაფინანსდა.
– ჩვენი მიზანია, რომ ყველა ბაღში, სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს შესაბამის გარემოში, დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა და ოთახები აღიჭურვოს საჭირო ინვენტარით.
ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.