თეა ახვლედიანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებთან. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელ კაორი იშიკავასთან ერთად, შეხვედრა გამართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ქალებთან; აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
თეა ახვლედიანი ასევე შეხვდა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ სტუდენტებს. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარე პროცესის გაცნობა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების იცინიატივებისა და მოსაზრებების გაზიარება განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში შემდგომი გათვალისწინების მიზნით.
თეა ახვლედიანმა შეხვედრებზე ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და ახალი სტრატეგიის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესს, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტი გახდება ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება და მათი უფრო აქტიური ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში. ქალებსა და ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ როგორც კონფლიქტის პრევენციის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. სწორედ ამიტომ, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ერთი მხრივ მათი ჩართულობის გაძლიერებისკენ სამშვიდობო და სახალხო დიპლომატიის ინიციატივებში, ასევე მათ წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენისა და მათზე რეაგირებისკენ. სწორედ ამ საკითხებზე შედგა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძალიან საინტერესო დისკუსია, როგორც კონფლიქტით დაზარალებულ ქალბატონებთან, ასევე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ სტუდენტებთან,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
“დღეს ეს პირველი ღონისძიებაა, როდესაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ზუგდიდში კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს შევხვდით. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა და გულწრფელი დიალოგი, საიდანაც გამოიკვეთა ის საჭიროებები და წუხილები, რაც აქ მცხოვრებ ქალებსა და გოგოებს აქვთ და იმედია, ეს წუხილები ასახული იქნება ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში, ასევე პოლიტიკის დოკუმენტებში, რათა აღნიშნული ინსტრუმენტები მომართული იყოს განხილული გამოწვევების დასაძლევად”, – განაცხადა კაორი იშიკავამ.