აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 90 წელი შესრულდა

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 90 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა აბასთუმანში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ობსერვატორიის იუბილე თანამშრომლებსა და მეცნიერებს პირადად მიულოცა.
ნუნუ მიცკევიჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული მეცნიერების განვითარებისა და ასტრონომია-ასტროფიზიკის პოპულარიზაციაში ობსერვატორიის როლზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროს მხარდაჭერით, ობსერვატორიის ხელშეწყობისა და ასტროფიზიკის დარგის განვითარების მიზნით, არაერთი ინფრასტრუქტურული და სამეცნიერო პროექტი ხორციელდება, რაც შენობის რეაბილიტაციასთან ერთად სამეცნიერო კვლევითი ბაზის განახლებასაც ითვალისწინებს. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ როგორც რეგიონულ, ასევე, საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ობსერვატორიის განახლებულ სივრცეში სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი პოსტერების გამოფენაც მოეწყო. მეცნიერებმა ასტრონომიულ-ასტროფიზიკურ მოვლენებზე პრეზენტაციები წარადგინეს, ხოლო ობსერვატორიის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა საზოგადოებას საკუთარი გამოგონებები გააცნეს. ღონისძიებები ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, რამაც შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსაც.

საიუბილეო ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

2019 წლიდან აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. რეაბილიტირდა ობსერვატორიის მთავარი შენობა, სრულად რეაბილიტირდა დიდი ტელესკოპის AZT-11-ის ნაგებობა, განახლდა საგამოფენო და სამუშაო სივრცეები და ბიბლიოთეკა. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და შენობის აღჭურვის მიზნით სამუშაოები ამ ეტაპზეც გრძელდება. მიმდინარეობს ობსერვატორიის ბაზაზე ახალი თანამედროვე ტელესკოპის განთავსების პროცესი, რომელიც, თავისი აღჭურვილობით რეგიონის მასშტაბით საუკეთესო იქნება. ჯამში ობსერვატორიის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ 10 მილიონი ლარი გამოყო.

2022 წელს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მასშტაბები გაფართოვდა. კერძოდ, ობსერვატორიას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თბილისის ოფისი შეემატა. დედაქალაქში არსებულ ოფისში ფუნქციონირებს აბასთუმნის ობსერვატორიის დამაარსებლის, აკადემიკოს ევგენი ხარაძისა და აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტები, სადაც ახალგაზრდებს, აკადემიკოსების სამეცნიერო მემკვიდრეობის გაცნობასთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი სემინარებსა და შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობაც აქვთ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები