გივი მოდებაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 99 წლის შაქრო გაჩეჩილაძეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 99 წლის შაქრო გაჩეჩილაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
,,გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. თქვენი გმირობა და თავდადება მისაბაძი და დასაფასებელია. მინდა გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე. კიდევ ბევრჯერ გეზეიმოთ 9 მაისი“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
შაქრო გაჩეჩილაძე ომში 1942 წელს წავიდა და დასრულებამდე იბრძოდა. მონაწილეობდა რუმინეთისა და უნგრეთის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში, დაჯილდოებულია მრავალი საბრძოლო მედლით. სამწუხაროდ, ის ერთადერთია ჭიათურელ ომის მონაწილეთაგან, რომელმაც წლევანდელი 9 მაისი იზეიმა.
დღესვე, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 9 მაისის მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.