ქვახვრელში სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა რეაბილიტირდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 29 აპრილს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 585 140 ლარია.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 881 მეტრია.
ტრანსპორტის სავალ ნაწილის პარალელურად, რეაბილიტირდება მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. გზის სავალი ნაწილიდან, რომელიც ძირითადად ღორღოვან-ხრეშოვანია, მოსაცილებელია ზედაპირული წყლები, მოსაწესრიგებელია არსებული კიუვეტები და წყალგამტარი მილები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.