თელავში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარს ეძებენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 2 წლის წინ გაუჩინარებული მზია ბედმანიკაშვილის ცხედარს ეძებენ. საძიებო სამუშაოები დღეს დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
68 წლის ქალის გვამის სავარაუდო ადგილსამყოფლის დასადგენად, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი სპეციალური გეოფიზიკური დანადგარის მეშვეობით საეჭვო ველის გამოვლენას ცდილობდა. დათვალიერდა 1 ჰა-ზე მეტი ფართობის ტერიტორია.
მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს და დაახლოებით, 10 მეტრის სიგრძეზე კონკრეტული საეჭვო ადგილი გათხარეს. ნაპოვნი ამ დროისათვის არაფერია.
ექსპერტი შალვა მაისურაძე შესაბამის დასკვნას უახლოეს დღეებში დადებს.
სპეციალისტების თქმით, სამუშაო, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, 2020 წელს გაუჩინარებული ქალის გვამის სამძებრო სამუშაოებში ექსპერტები უკვე მეორე დღეა ჩაერთვნენ. პროცესი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც შალაურში მცხოვრებმა ფსიქიკურად არამდგრადმა ქალმა მეგობარს უამბო, როგორ შეიყვანა სახლში წინა დღეს დაკარგული ასაკიანი ბედმანიკაშვილი. ის სამი დღით დაატყვევა და შემდეგ, გარდაცვლილი, საკუთარ ეზოში, კაკლის ხის ქვეშ დამარხა.
გამოკითხულია საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი. გამოძიება ამ ეტაპზე 115- ე მუხლით მიმდინარეობს.