დუშეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში, ქვეშეთის, ჭართლისა და გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსული უხვი ნალექის გამო, შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, იმ ტერიტორიებზე, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით.
ამ ეტაპზე დაბა ფასანაურში საავტომობილო გზა გამონატანებისგან სრულად იწმინდება, ამასთან, ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება უკვე აღდგენილია.
მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მაცაცო ნარიმანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო.
“მოსულმა უხვმა ნალექმა დუშეთის მუნიციპალიტეტს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მათ შორის წყლის ნაკადი გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რამაც მოძრაობა შეაფერხა, რამდენიმე სოფელი კი გარე სამყაროს მოწყდა.
შექმნილი პრობლემების სწრაფად აღმოსაფხვრელად, როგორც გუშინ, ასევე, დღეს აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პროცესის მონიტორინგში ჩართულია სამხარეო ადმინისტრაცია და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, ვეცნობით მათ საჭიროებებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დახმარება ყველას დროულად აღმოვუჩინოთ.
ძლიერი წვიმის გამო მიყენებული ზიანის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც ამის საჭიროება არსებობს, პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება”, – განაცხადა დავით ნოზაძემ.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.