პრემიერ-მინისტრი ,,განახლებული რეგიონები”-ს პროგრამის ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო და ცენტრალურ ბულვარში დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ ლარს აჭარბებს.
რეაბილიტაცია პროგრამის – ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პრემიერის ინიციატივით, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროგრამის განხორციელება მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შემნას ემსახურება. პრემიერი ბულვარში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე, საპროექტო ტერიტორიაზე მდებარეობს 1860 წლით დათარიღებული შენობა, რომელიც მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტია და მოედნის ურბანული განვითარების ისტორიულ ეტაპებს ასახავს. შენობას 2013 წელს სტატუსი შეუჩერდა და მას შემდეგ უფუნქციო და ავარიული იყო. რეაბილიტაციის შემდეგ, შენობაში მულტიფუნქციური სივრცე მოეწყობა ამფითეატრით, საგამოფენო დარბაზითა და ტერასით სხვადასხვა ტიპის მაღალი რანგის შეხვედრებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდება შენობის არქიტექტურული ღირებულება და ისტორიული ფუნქცია. პროექტის ჯამური ღირებულება 5.200.000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია – 5 მილიონი ლარის სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლაში, სადაც რუსთაველის ქუჩის 5 შენობა და 2 პარკი რეაბილიტირდება, ვანში ორ ქუჩაზე მდებარე 16 შენობა და 2 პარკი განახლდება. აგრეთვე, ჭიათურაში მიმდინარეობს კინოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, წერეთლის ქუჩაზე და კულტურის სახლის ტერიტორიაზე კი არსებული სკვერებისა და სკეიდბორდის სავარჯიშო მოედნის მოწყობის სამუშაოები.
პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დასრულების ფაზაშია ზესტაფონშიც, სადაც დავით აღმაშენებლის ქუჩის 15 შენობის ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები 5.3 მილიონი ლარით დაფინანსდა. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება აღმაშენებლის ქუჩის და უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერებს.
აქტიურად მიმდინარეობს ბაღდათის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 9 შენობისა და სკვერის, ხარაგაულის ცენტრალური ქუჩისა და ორი პარკის რეაბილიტაციაც, წესრიგდება საჩხერეს თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების ტროტუარები და მიმდებარე საცხოვრებელი სახლების ღობეები და ჭიშკრები.
მასშტაბური, 12.6 მილიონი ლარის სამუშაოები წარმოებს ტყიბულში, კოსტავას და გამსახურდიას ქუჩებზე მდებარე 17 შენობის ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისა და რეაბილიტაციის მიზნით.
ამასთან, 8 მილიონი ლარით დაფინანსდა სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე სკვერის ურბანული განახლების სამუშაოები. ხონის ცენტრალურ ქუჩაზე 9 შენობის და პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
წყალტუბოში დასრულების ეტაპზეა გალაქტიონ ტაბიძის ქუჩისა და 6 შენობის რეაბილიტაცია. მოწესრიგდა მიმდებარე საფეხმავლო ზოლი და მიმდინარეობს სკოლისკენ შესასველი კიბის სრული რეაბილიტაცია.
პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, რაც დადებითად აისახება შენობების გათბობის ხარჯებზე. მოეწყო ქუჩების ტროტუარები, განათებები და რეკრეაციული სივრცეები.
მოცემულ ეტაპზე, უკვე გამოცხადდა პროგრამა „განახლებული რეგიონების” მეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერი ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ვანში, ხონში, რუსთავში, გორში, ფოთში, ქუთაისში, ტყიბულსა და ბათუმში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მთავრობის მეთაურთან ერთად ქუთაისში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სუს-ის უფროსი გიორგი ლილუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ.