დუშეთის მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით.
გუშინდელი დღიდან ღვარცოფისა და გამონატანებისგან გზების გასაწმენდად ადგილზე მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა და შპს “არალის” 8 ერთეული ავტოთვითმცლელი, 3 ერთეული დამტვირთველი და ერთი ავტოგრეიდერი.
ამ ეტაპზე დაბა ფასანაურში სამანქანე ცენტრალური გზა გაწმენდილია და გადაადგილება აღდგენილია.
მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მოადგილეები – ვასილ წიკლაური, ოთარ ჩხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად უწევენ მონიტორინგს.
„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ვაგრძელებთ გზის გაწმენდით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს,“ – აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა ნარიმანიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული. უხვმა ნალექმა ფასანაურის, ქვეშეთის, გუდამაყრის, ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულებში შემავალ სოფლებში ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელი გახდა.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.