“იმერეთი აგრო” ქალთა მეწარმეობის განვითარების მიზნით ახალ პროექტს იწყებს

ჭიათურაში მცხოვრებ ქალებს, რომელთაც სურთ აგრო-მეურნეობის დაწყება, იმერეთი აგრო მოცვის, ჟოლოს და მაყვლის სადემონსტრაციო ბაღს გაუკეთებს.
პროექტის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა ერთი კანდიდატი, რომელსაც სრულად დაუფინანსდება მოცვის, ჟოლოს და მაყვლის გაშენება საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 1000 კვ.მ-მდე ფართობზე.
პროექტში ჩართვის მსურველ ქალებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კი “იმერეთი აგროსა” და კვალიფიციური სანერგე მეურნეობის თანამშრომლობით მოეწყობა სადემონსტრაციო ბაღი. კენკროვანი კულტურები მუდმივი დაკვირვების რეჟიმში იქნება, რათა მინიმალურ დროში მაქსიმალურად უხვი მოსავალი მივიღოთ.
„ქალთა გაძლიერების პროგრამით გვსურს, შევუქმნათ ქალებს შესაძლებლობა განვითარებისა და გაძლიერებისათვის. მეწარმეობაში, კერძოდ, სოფლის მეურნეობის დარგში ქალ მეწარმეთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია მათთვის ცოდნისა და რესურსების მიწოდება, რათა მომავალში მათი სოციალური კონტექსტის შესაცვლელად გამოიყენონ,“ განაცხადა იმერეთი აგროს მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3OjJQ1X . გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია მიწის ნაკვეთი: მდებარეობდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში; ფართობით იყოს 1000 კვ.მ ან ნაკლები; მიეწოდებოდეს დენი და წყალი; იყოს რეგისტრირებული; იყოს შემოღობილი. პროგრამაში ჩასართავად არ არის აუცილებელი, მაგრამ სასურველია მიწის ანალიზის ქონა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი. პროექტის მხარდამჭერია “ჯორჯიან მანგანეზი”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები