მაშველებმა უშგულში დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს
უშგულში დაშავებული ტურისტები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ უშგულში, იმყოფებოდა დაშავებული ტურისტი, რომელიც ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დადიაშის მთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდური დაიზიანა.
დაშავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. რთული რელიეფის გამო, ტურისტულ ჯგუფთან მისვლა ავტომობილის საშუალებით ვერ ხერხდებოდა, შესაბამისად გადაწყდა სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.
ამ დროისთვის, სოფელ უშგულში სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაშავებული ტურისტი ვერტმფრენის საშუალებით ჩაიყვანეს ქუთაისში, საიდანაც ის კლინიკაში მოთავსდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.