მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ადგილზე გამოვლენილი საჭიროებების საკითხები დეტალურად განიხილეს.

მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში   35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები  დაიწყება, შედეგად, დამატებით 6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 10 ათას ჰექტარზე გაუმჯობესდება.

„სამუშაო შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.  მუნიციპალიტეტების მიხედვით, დეტალურად განვიხილეთ ის საჭიროებები, რომელიც ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს. მოგეხსენებათ,   კახეთის რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული და, შესაბამისად, გამართული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე დავგეგმეთ განსახორციელებელი პროექტები. ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. ერთობლივი ძალისხმევით, უნდა შევძლოთ, სარწყავმა სეზონმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს. ამ ეტაპზე, კახეთში, ერთდროულად, რამდენიმე პროექტი ხორციელდება.  გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის,   ხოლო   ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ზემო  ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ.

2022 წელს ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე  დაგეგმილია:  მაგისტრალური არხის მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია, ღვარსაშვის მოწყობა, სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე დახურული მილსადენის აღდგენა, მაგისტრალური არხის  გვირაბის ავარიული მონაკვეთის  აღდგენა-რეაბილიტაცია,   სოფლების საკობიანო, ბაყილოვანი და მატანის  გზაგამტარების რეაბილიტაცია.

გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ქვემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე  შემდეგი სამუშაოები ჩატარდება:  მაგისტრალურ არხზე არსებული სამთაწყაროს წყალსაგდების, ვეჯინის სწრაფმდენის, მასზე არსებული სარეგულაციო კვანძის  და კალაურის ავარიული წყალსაგდების რეაბილიტაცია; მაგისტრალური არხის   გამანაწილებლების რეაბილიტაცია.

ქალაქ ლაგოდეხში გამავალი სარწყავი არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სოფელ სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის სისტემის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციაა, ჩატარდება სამთაწყაროს სატუმბი სადგურის სადაწნეო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის და  ფიროსმანის სატუმბი სადგურის მოდერნიზაციის სამუშაოები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში,  ძველი ანაგის მექანიკური მორწყვის  სისტემაზე დამატებითი სარწყავი ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები