ლაგოდეხის მერია: კრივში საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები ლაგოდეხელები გახდნენ
კრივში საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები ლაგოდეხელი, დავით ბაქრაძე და მარიამ ბახტურიძე გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეჯიბრება ფოთში გაიმართა და მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენმა მიიღო.
ჩემპიონატზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელით, სოფელ ჭიაურიდან, ქალთა შორის, 60 კგ კატეგორიაში, მარიამ ბახტურიძე, ხოლო ვაჟთა შორის, 48 კგ კატეგორიაში, დავით ბაქრაძე მონაწილეობდა. შეჯიბრებაზე, დავით ბაქრაძემ – ბრინჯაოს, ხოლო მარიამ ბახტურიძემ – ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, წარმატებულ სპორტსმენებს და მწვრთნელს, ალექსი ბირუქაშვილს, გამარჯვება მიულოცა. პრიზიორები და მწვრთნელი, მერიისგან, საჩუქრად, ფულად ჯილდოს მიიღებენ.