ოქონობის სადღესასწაულო წირვას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოქონობის სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
გორის მერიის ინფორმაციით, წირვას ასევე ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი.
ოქონის ტაძარში წირვა – ლოცვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ აღავლინა.
წირვის შემდეგ სასულიერო პირებმა ქალაქი დალოცეს და აკურთხეს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა გაიმართა.
დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის სამკარეთი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
დღესასწაულის აღნიშვნის მივიწყებული ტრადიცია, ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, 2004 წელს აღდგა.
გორის სახალხო დღესასწაული ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება.