სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით სააღდგომო ნობათი დარიგდა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ,
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს და სამტრედიაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, სააღდგომო ნობათი მიუტანეს.
“ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ფენაზე ზრუნვაა, რომელიც სოციალურ პრობლემებს ებრძვის. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით მათ. მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარების პაკეტები მომავალშიც იქნება მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული”, – თქვა დავით ბახტაძემ.
თავის მხრივ, მადლიერებას გამოხატავენ ბენეფიციარები.
“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მომიტანეს ნობათი, რომელიც ძალიან წამადგება. რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელი სახლის გარეშე დავრჩი, დავკმაყოფილდი საცხოვრებელი ფართით გარდა ამისა ყოველმხრივ ხელშეწყობა და მხარდაჭერა მაქვს, მეხმარებიან არა მარტო სადღესასწაულო დღეებში. უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს და ყველას ვისაც არ ვავიწყდები”, – აღნიშნა რევაზ შენგელიამ.
სააღდგომო ნობათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 250-მა ოჯახმა მიიღო, მათგან 12 უკრაინიდან ჩამოსული ოჯახია.